
უკრაინის ომის განსახილველად, ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას პარიზში საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. ეს შეხვედრა იმ ფონზე იგეგმება, როდესაც გაჩნდა შეშფოთება, რომ აშშ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ევროპის მონაწილეობის გარეშე აწარმოებს, – ამის შესახებ BBC იტყობინება.
მედიის ცნობით, სამიტზე, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც დაესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიტის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები კონსულტაციებში ჩაერთვებიან, თუმცა უშუალოდ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ოფიციალური პირების თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი ქვეყანა ასეთი მიწვევის შესახებ ინფორმირებული არ არის.
გუშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები პარიზში სამიტზე მიიწვია, სადაც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ.