
დღეს, ევროპარლამენტმა 490 ხმით (147 წინააღმდეგი, 49-მა თავი შეიკავა) დაამტკიცა ანგარიშის ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და ქვეყანა დემოკრატიული რეგრესის გზას დაადგა.
რეზოლუციაში მითითებულია, რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და სწორედ ამ „გარდამტეხი მომენტიდან“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრება. დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე, დემოკრატიული მექანიზმების განადგურებაზე, რეპრესიული კანონმდებლობის გატარებასა და ოპოზიციის, მედიასაშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართულ ზეწოლასა და დევნაზე.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ. მათივე თქმით, მანამდე ევროპარლამენტი არ აღიარებს ერთპარტიულ პარლამენტსა და პრეზიდენტს, და მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაწესდეს პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე.
ევროპარლამენტარები ევროკომისიას ასევე მოუწოდებენ ევროკავშირმა გადახედოს საქართველოს მიმართ პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირ - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს.
დოკუმენტში გამოკვეთილია მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. ასევე ხაზგასმულია, რომ სანამ დაპატიმრებული ოპოზიციური ლიდერები არ გათავისუფლდებიან და საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება, მომავალი ადგილობრივი არჩევნები ვერ იქნება ხალხის ნამდვილი არჩევანის გამოხატულება.