ევროპარლამენტი ევროკავშირს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი ევროკავშირს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა დღეს, 8 ივლისს, მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად გმობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლას და ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანქციები უნდა შეთანხმდეს გაერთიანებულ სამეფოსთან და ითვალისწინებდეს ივანიშვილის ფინანსური აქტივების გაყინვას.

რეზოლუციაში მკაცრად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია და მითითებულია, რომ მიტაცებულმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა დემოკრატიული განვითარება შეაჩერეს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი, რომელიც ქვეყნას კანდიდატის სტატუსის მიღებით მიეცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, რაც მასობრივ აქციებში აისახება. ევროპარლამენტი გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიაზე ძალადობრივ ზეწოლას, მოითხოვს დემონსტრანტების მიმართ ყველა ძალადობრივი აქტის სრულფასოვან გამოძიებას, ყველა პოლიტიკური პატიმრის უპირობო გათავისუფლებას და დემოკრატიული პროცესის აღდგენას.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვისკენ და აფრთხილებს, რომ დემოკრატიული უკუსვლის პირობებში შესაძლოა ასოცირების შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიები და ფინანსური მხარდაჭერაც გადაიხედოს.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, მათ შორის:

  • SWIFT-იდან (უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) გათიშვა;
  • „სექტორული სანქციები, რომელიც მიმართულია „ქართული ოცნების“ რეჟიმის შემოსავლის წყაროებისა და ნაკადების შეჩერებისკენ“.