ევროკავშირი რუსეთისთვის, ომის დაწყების დღიდან, ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთისთვის, ომის დაწყების დღიდან, ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტს ამზადებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.

მისი თქმით, ამ წინადადების ინიციატორი საფრანგეთია და კოორდინირებულია აშშ-ის სენატორებთან.

ბაროს განცხადებით, აღნიშნული სანქციები მიმართულია იმ რესურსებისკენ, რომლებიც "პუტინს საშუალებას აძლევს გააგრძელოს ომი".

"ეს [ომი] აღარ შეიძლება გაგრძელდეს, ეს უნდა დასრულდეს. ამის მისაღწევად, ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით და ფრანგული წინადადებების საფუძველზე, ევროპა ემზადება, შემოიღოს ყველაზე მკაცრი სანქციები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში დავაწესეთ და რომლებიც პირდაპირ ამოაშრობს რესურსებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს გააგრძელოს ომი", - თქვა მან.

ბაროს თქმით, ახალი პაკეტი არ იქნება კონცეტრირებული მხოლოდ ენერგეტიკის სექტორზე, კერძოდ, ნავთობის ექსპორტიდან შემოსულ შემოსავლებზე, არამედ ასევე მიმართული იქნება როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფ მსხვილ ფინანსურ მოთამაშეებზე. ეს ეხება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც კრემლს ეხმარებიან არსებული სანქციების გვერდის ავლაში.

"პუტინი ფრონტზე აღარ მიიწევს წინ და ახლა მხოლოდ რაკეტებისა და დრონების წვიმით აფეთქებს საცხოვრებელ უბნებს, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში იწვევს უამრავ მსხვერპლს. ეს უნდა შეწყდეს", - აღნიშნა ბარომ.