
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მისი თქმით, რიჟვაძეს ყველა შესაბამისი კვლევა და კონსულტაცია უტარდება.
"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის, სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს", - განაცხადა რატიანმა ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი. ამის შემდეგ იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით. მედიის ინფორმაციით, ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.
პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა.