ევოლუშენი გაფიცულ თანამშრომლებს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტონ

ევოლუშენი გაფიცულ თანამშრომლებს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტონ

ევოლუშენ ჯორჯია გაფიცულ თანამშრომლებს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტონ. სურვილის შემთხვევაში კომპანია მათ რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას სთავაზობს. გაფიცულების ნაწილი უკვე მე-14 დღეა, შიმშილობს.

კომპანია განცხადებაში მიმდინარე შემცირების პროცესზე წერს და ამბობს, რომ ის 1 000 თანამშრომელს ეხება.

"მოვუწოდებთ გაფიცულ თანამშრომლებს, მიიღონ კეთილგონიერი გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და აქვე, ვაცხადებთ მზაობას, დავეხმაროთ მათ რეაბილიტაციის პროცესში, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში.

გვინდა, კიდევ გავიმეოროთ, რომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროფკავშირს, არ გამოეყენებინათ ზომები, რომელიც მისი მხარდამჭერების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ევოლუშენის ხედვა, მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც არაერთი მოლაპარაკების შემდეგ, ნათელი იყო ყველა მხარისთვის, არ შეიცვლება.

ევოლუშენი მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად, ამავდროულად, დასაქმებულების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

არამართლზომიერი ქმედებები, ძალადობა სხვა დასაქმებულებზე, მათი შრომის უფლების შეზღუდვა და ყველაზე მეტად, ახალგაზრდა ადამიანების შიმშილობა არის აბსოლუტურად მიუღებელი ქმედება პროფკავშირის მხრიდან, რასაც სამწუხაროდ, შესაბამისი შედეგები აქვს.

ევოლუშენი იცავს და პატივს სცემს ქართულ კანონმდებლობასა და პროცედურებს, მათ შორის გაფიცვის უფლებას. აქვე, ნებისმიერ კონკრეტულ პირთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და კანონისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად. ეს ასე ხდებოდა ყოველთვის და ახლაც ასე ვიმოქმედებთ.

გვინდა გავიმეოროთ, რომ კომპანიის მიმდინარე შემცირება არის პროფკავშირის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადია. მიმდინარეობს შეფასების პროცესიც, რომლის საფუძველზე გადავწყვეტთ, რა დამატებითი ცვლილებები იქნება საჭირო.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ჩვენი დასაქმებულების ინტერესები უპირველესია და იმედს ვიტოვებთ, რომ პროფკავშირი ასევე აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათი არამართლზომიერი ბლოკადისა და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დადგა. იმედია, მსგავსი უკანონობა არ განმეორდება და ადამიანებს შეეძლებათ მშვიდად გააგრძელონ მუშაობა და მათი შრომითი უფლებების რეალიზაცია.

ვიმედოვნებთ რა, რომ უკანონო ბლოკადა, ძალადობა და ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული დამაზიანებელი ქმედებები დასრულდება, ევოლუშენი ყველა შესაძლო ზომას მიიღებს, რომ მიმდინარე შემცირების, რომელიც 1000 თანამშრომელს ეხება, მასშტაბები არ გაიზარდოს და მაქსიმალურად შეამციროს პროფკავშირის ნეგატიური გავლენა კომპანიის საოპერაციო საქმიანობაზე და დასაქმებული პირების რაოდენობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ევულუშენ ჯორჯიაში უკვე თვეზე მეტია, 4 600-ზე მეტი თანამშრომელი გაფიცულია.

გაფიცვამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომპანიის შიდა ჩატში მიმოწერები - სქრინებში ჩანს, რომ მენეჯერები დახურულ ჩათში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ და მათ დასცინოდნენ.

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ევოლუშენმა გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც მიმოწერებში ფიგურირებენ.

გაფიცული თანამშრომლები ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი აქციებს კომპანიის შენობასთან მართავენ. მათი ნაწილი შიმშილობს, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.