კომპანია ევოლუშენი ათავისუფლებს თანამშრომლებს, რომლებიც მიმოწერებში ფიგურირებენ. გავრცელებულ სქრინებში ჩანს, რომ მენეჯერები დახურულ ჩათში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ და მათ დასცინოდნენ.
კომპანიის განცხადებით, ასევე იღებენ "პროაქტიულ ზომებს კომპანიის თითოეულ თანამშრომელში მათი ღირებულებებისა და სტანდარტების გასაძლიერებლად".
"ევოლუშენ ჯორჯიას სურს, გაგიზიაროთ ინფორმაცია კომპანიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ დასრულდა შიდა მოკვლევა რომლის შედეგების გაზიარებამდეც, გვსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერას ეხება, კატეგორიულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევოლუშენის ქცევის კოდექსსა და ჩვენს საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ, ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ ევოლუშენის გუნდს.
თანამშრომელთა ნებისმიერ რგოლში დაფიქსირებულ მიუღებელ ქმედებას ვუდგებით მკაცრად, სამართლიანად და ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად. ამდენად, მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას.
კომპანიისთვის მიუღებელი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში ვიმოქმედებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ევოლუშენის ღირებულებების მოთხოვნათა დაცვით.
ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გარდა, ასევე ვიღებთ პროაქტიულ ზომებს კომპანიის თითოეულ თანამშრომელში ჩვენი ღირებულებებისა და სტანდარტების გასაძლიერებლად. მათ შორის, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების გაძლიერებას, რომელიც შექმნილია პოზიტიური და პატივისცემაზე დამყარებული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად", - წერს კომპანია.
ევოლუშენის 4000-ზე მეტი თანამშრომელი ამ დრომდე გაფიცულია. ისინი ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.