ესტონეთში ჯაშუშობის ბრალდებით ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი დააკავეს

ესტონეთში ჯაშუშობის ბრალდებით ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი დააკავეს

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით დღეს გაავრცელა, თუმცა ის 3 იანვარს დააკავეს. საქმის გამოძიებიდან გამომდინარე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ "აგრესორი სახელმწიფოს" სადაზვერვო ინტერესები ესტონეთის მიმართ კვლავ მაღალ დონეზეა.

"ეს საქმე აქამდე არსებულ ათეულობით შემთხვევასთან ერთად აჩვენებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ძალისხმევას, ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამეცნიეროში შემოიჭრან", - განაცხადა მარგოტ პალოსონმა.

ესტონეთის პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ვიაჩესლავ მოროზოვს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ტარტუს უნივერსიტეტმა უკვე განაცხადა ვიაჩესლავ მოროზოვთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. დაკავებული პროფესორი 2010 წლამდე სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობის მიმართულებით მუშაობდა, რის შემდეგაც ტარტუში გადავიდა.