ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, ესპანეთი უკრაინაში Leopard-ის 6 ტანკის გაგზავნას გეგმავს.
ამის შესახებ რობლესმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რობლესმა აღნიშნა, რომ Leopard-ის ტანკების მიწოდება უკრაინისთვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ამასთან, ის ამბობს, რომ ესპანეთი უკრაინას დამატებით 20 ჯავშანტრანპორტიორს მიაწვდის.
25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შოლცის თქმით, გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინას ტანკებს სწორედ იმისთვის აწვდის, რომ ქვეყანამ ბრძოლის ველზე თავის დაცვა შეძლოს.