გირჩი - მეტი თავისუფლების წევრმა ცოტნე კობერიძემ დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია დააანონსა.
კობერიძის თქმით, დღევანდელი აქცია იქნება საშუალება, "ვიამაყოთ ერთმანეთით". მისივე თქმით, "პროცესი გაგრძელდება, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად".
"დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ რომ უამრავი ახალგაზრდაა, რომელსაც არ გვაქვს ნდობა ქართულ ოცნებასთან. მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას - ერთის მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას, მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდზე იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსულები, არ იქნებიან თავისუფლები, ქართულ ოცნებას არ ეგონოს, რომ საქმე აქვს მარტივად. დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ვიამაყოთ ერთმანეთით, ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ იმით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ, გადაედგათ ეს ნაბიჯი და გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ არ დადგება საქართველო პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, არ შეწყდება პროცესები და ეს პროცესები რანაირი და როგორ იქნება, ამას ეტაპობრივად გავიგებთ", - თქვა კობერიძემ.
ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაიწვევს.
ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად მიიღო.
მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა საუბარი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე, რომელსაც ე.წ. ამერიკულ ვარიანტს უწოდებდნენ.