ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაიწვევს. ამის შესახებ მათ განცხადებით გაავრცელეს ინფორმაცია.
ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად მიიღო. აღნიშნული განცხადებაში არაა საუბარი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე, რომელსაც ე.წ. ამერიკულ ვარიანტს უწოდებდნენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ და ხალხის ძალამ ერთობლივი კონსულტაციები გამართეს, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გარშემო იმსჯელეს. აღნიშნული კანონპროექტი ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა დაარეგისტრირეს.
ქართულ ოცნებაში კვლავაც თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ "სიცრუის მანქანამ" კანონპროექტი უარყოფითად წარმოაჩინა.
"ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.
ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი პროტესტი 8 მარტსაც გაგრძელდა. აქციები იყო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.
თბილისში სამართალდამცავებმა მშვიდობიანი აქცია კვლავ წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
შსს-ს ინფორმაციით, 8 მარტის აქციაზე რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. ბოლო 2 დღეში აქციაზე ჯამში 133 ადამიანია დაკავებული.