ლელომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის პარტიების თანხმობა რუსული რეჟიმის გასასტუმრებლად.
"ეს ქარტია არის პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად აქედან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი. ლელო იქნება ყველგან, იქ, სადაც ასეთი ერთობა იქნება და არა ერთიანობა. დიახ, ეს არის ერთობა და არა ერთიანი სია ან პოლიტიკური გაერთიანება", - განაცხადა ხაზარაძემ.
***
ქართული ქარტია, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.