ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ის საკითხია, სადაც "ხელისუფლებისთვის შედეგის მიღწევა რთულია".
კობახიძის მტკიცებით, ხელისუფლება "ბოლომდეა ჩართული ამ საკითხში".
"საკითხი არის ურთულესი, საკითხი არის რთული. პრაქტიკულად, ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არის ის შემთხვევა, სადაც რთულია შედეგის მიღწევა ხელისუფლებისთვის, ნუ რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ მოაკლებს ხელისუფლება,რომ შედეგი იყოს"- თქვა მან .
დღეს, 24 ოქტომბერს 19:00 საათზე, პარლამენტთან აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
23 ოქტომბერს, ფორმულას ეთერში ირაკლი ბებუას ოჯახის წევრმა თქვა, რომ დაგეგმილი აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფომ ირაკლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა დაინახოს.
თამუნა ბებიას თქმით, ოჯახისთვის არცერთ მაღალჩინოსანს მხარდაჭერა არ გამოუხატავს. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის სურვილი არ აქვს.
19 ოქტომბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SCJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
***
საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა.
ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების "სამართალდამცავ ორგანოებთან" დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა.
ბებუას უკანონო ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის.
საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.