ერთპარტიულმა პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის კანონში

ერთპარტიულმა პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის კანონში

ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა III მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში.

ცვლილებებს არალეგიტიმური პარლამენტის 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ არავინ წასულა.

კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და დაამტკიცეს.

ცვლილებების ინიციატორები აცხადებენ, რომ მოქმედი ნორმები რეალურ გარემოებებს ვეღარ ასახავდა და საჭირო გახდა მათი "დახვეწა და ადაპტაცია".

კანონპროექტის მიხედვით, დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადამდე გაწვევა შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქმედება ქვეყნის ინტერესებს ან საერთაშორისო იმიჯს ზიანს მიაყენებს, ან წინააღმდეგობაში მოვა საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებთან.

ახალი რეგულაციები ასევე ითვალისწინებს ქცევის წესების დარღვევის დამატებას დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად — წესები, რომლებიც თავად საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განისაზღვრება.

განსხვავებით მოქმედი კანონმდებლობისგან, რომელიც წელიწადში ერთხელ ითვალისწინებდა თანამშრომლების შეფასებას, ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში დიპლომატიური პერსონალი წელიწადში ორჯერ შეფასდება. ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში გათავისუფლებაც იქნება შესაძლებელი.

ცვლილებები როტაციის წესსაც ეხება: დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება არა 6, არამედ 12 თვით.

ცნობილია, რომ ცვლილებების განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია ოფიციალურად გამოცხადდა — თანამშრომლებს 1-ელი მაისიდან გადაეცათ განახლებული სტრუქტურული სქემა და შესაბამისი ბრძანებები.