ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება - მოსახლეობა ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება - მოსახლეობა ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, მოქალაქეები იკრიბებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდება.

აქცია ერევანში გუშინ ღამითაც გაიმართა. მოქალაქეებმა დედაქალაქის ცენტრალური გამზირის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა - არიან დაკავებულები.

***

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

20 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები დათანხმდნენ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

შეთანხმება ორ მხარეს შორის მას შემდეგ შედგა, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყარაბაღის სომხური სეპარატისტული ძალების განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო განზე გადგა, აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები და დაიპყრო რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძი. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმდებოდნენ რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.