ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, ისრაელსა და პალესტინას შორის "შუამავლის როლი შეასრულოს"

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, ისრაელსა და პალესტინას შორის "შუამავლის როლი შეასრულოს"

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, ისრაელსა და პალესტინას შორის "შუამავლის როლი შეასრულოს".

"გვსურს, რომ ისრაელის ადმინისტრაციამ შეწყვიტოს პალესტინის მიწის დაბომბვა, დაწყებული ღაზიდან და პალესტინელებმა კი შეწყვიტონ ისრაელში სამოქალაქო დასახლებების შევიწროება, ღაზის მიწასთან გასწორება ჰაერიდან და ხმელეთიდან არაპროპორციული იერიშებით.

მეჩეთების დაბომბვა და უდანაშაულო ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა არ შეიძლება იყოს მიღებული. თურქეთი მზადაა, შეასრულოს შუამავლის როლი ყველა სფეროში, მათ შორის პატიმრების გაცვლაზე, თუ მხარეები გვთხოვენ", - ამბობს ერდოღანი.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.