
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის, C-Span-ის, მეშვეობით გაავრცელა.
მისი თქმით, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 25 თებერვალს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართავენ. პირველი შეხვედრა იმავე ქალაქში 18 თებერვალს გაიმართა.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელება "ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს" მოითხოვს.