ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა "გლობალური ომის პარტიისა" და "მეორე ფრონტის" კონსპირაციაზე საუბარს დაუთმო.
ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლა ნაციონალური მოძრაობის კრიტიკით დაიწყო და ამ კონტექსტში "გლობალური ომის პარტიაზე" ისაუბრა.
"ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა ვეღარასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა. [...]
ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, გარდაიცვალა 412 ჩვენი მოქალაქე, დაიჭრა და დასახიჩრდა 2 ათასამდე ადამიანი, ხოლო ომის შედეგად 126 000 ჩვენი თანამემამულე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. სწორედ ამისათვის გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია", - თქვა ოლიგარქმა.
მისი სიტყვით გამოსვლის უმეტესი ნაწილი წინა ხელისუფლებას ეხებოდა. ასევე, მან კვლავ ისაუბრა პარტიის ნარატივით "ომში ჩათრევის" და "უკრაინის ბედის გაზიარების" მცდელობებზე.
"საქართველო ანალოგიური მოცემულობით ხვდება 26 ოქტომბრის არჩევნებსაც. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს„ქართული ოცნება აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე. [...]
გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ ნაციონალურ მოძრაობას - სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს", - თქვა მან.
ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა უკრაინაში ომის დასრულების ვადებზე და თქვა, რომ თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, "ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს".
"შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება", - თქვა მან.
ოლიგარქმა მადლობა გადაუხადა "საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატვისთვის" ჩინეთის ხელისუფლებას და თქვა, რომ "ეს არის შედეგი, რომლისთვისაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში ქმნიდა საფუძველს".
მან ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც და კვლავ მშვიდობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პროპაგანდა გაიმეორა.
"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია", - თქვა მან.