ენმ პრაიდფესტის ჩაშლაზე: ოცნების შექმნილი ძალადობრივი ჯგუფები მის მთავარ დასაყრდენად იქცნენ

ენმ პრაიდფესტის ჩაშლაზე: ოცნების შექმნილი ძალადობრივი ჯგუფები მის მთავარ დასაყრდენად იქცნენ

ნაციონალური მოძრაობა ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრაიდფესტის ჩაშლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები მმართველი პარტიის მთავარ დასაყრდენად იქცნენ".

"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამასთანავე, ხელისუფლება ვალდებულია არ დაუშვას არეულობა, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა. ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს. ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები "რუსული ოცნების" მთავარ დასაყრდენად იქცნენ.

სწორედ მათი ხელით, ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი არარსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ბინძურ პროპაგანდას აწარმოებს, რომლითაც საზოგადოების ნაწილის დასავლურ იდეასთან დაპირისპირებას ცდილობს. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება! საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე, ზიზღზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება! საქართველო რუსული რეჟიმისგან აუცილებლად გათავისუფლდება! საქართველოს აუცილებლად ეყოლება ევროპული ტიპის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს!", - წერია პარტიის განცხადებაში.

***

დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.