ენმ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა იმპიჩმენტის პროცედურაში

ენმ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა იმპიჩმენტის პროცედურაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში. ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მიზანი ამ კამპანიის არის, ერთი მხრივ, პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ის არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულობისათვის იბრძვის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები. ეს, ბუნებრივია, ივანიშვილის და ქართული ოცნების თამაშებშია. ენმ ამ ქოცურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას", - ამბობს ის.

ბეჟაშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობას მხოლოდ ენმ-ს ფრაქციის წევრებზე იღებენ.

"სხვა წევრებიც, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკის სიით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ და არც ავიღებთ", - აღნიშნავს ბეჟაშვილი.

***

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.