ენმ: გომელაურის "მილიცია" მოვარდა ოფისში და ცდილობდნენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას

ენმ: გომელაურის "მილიცია" მოვარდა ოფისში და ცდილობდნენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას

ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიცია მივიდა და პარტიაში, სამუშაო პროცესში ხელის შეშლას ცდილობენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პოლიციები ამბობდნენ, რომ "გამოძიების ჩატარების" მიზნით მივიდნენ, თუმცა პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ექსპერტებმა ოფისზე თავდასხმის შემდეგ ყველა ნივთი - შუბი და რკინის ხელკეტები წაიღეს.

ენმ-ის პრესსამსახურის ცნობით, პოლიციელებმა შენობა უკვე დატოვეს.

"100-მდე შეიარაღებული, ნიღბიანი ბანდიტი, ტიტუშკა ივანიშვილის დავალებით თავს დაესხა ენმ -ის ცენტრალურ ოფისს, რა დროსაც პარტიის თავმჯდომარე თანამშრომლებთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

100 მდე ბანდიტი ცდილობდა ოფისში შეჭრას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მე-3 დღეა და ერთი პირიც არ არის დაკავებული, როცა თავად "ოცნება" ადასტურებს, რომ მათი ორგანიზებით ხდება ოფისებზე თავდასხმა. ამის პარალელურად, გომელაურის "მილიცია" მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ. შეგახსენებთ, ექსპერტებმა ყველა ნივთი - შუბი, რკინის ხელკეტები და ა.შ. ამოიღეს და წაიღეს. გამოძიება დაიწყეს მინის დაზიანებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ბანდიტიზმის, 224-ე მუხლით აღეძრათ საქმე.

შეგიძლიათ იხილოთ როგორ გამოიყურება ივანიშვილის მსახური, გომელაურის მოგზავნილი "მილიცია", რომელიც პოლიციის სახელით ცდილობს ოფისში შემოჭრას. საკადრისი პასუხი მიიღეს და მოუწიათ შენობის დატოვება. შეგახსენებთ, რომ ეს 100 - მდე ბანდიტი ენმ -ის ოფისთან მოაცილა და შემდეგ გააცილა საპატრულო პოლიციად წოდებულებმა, ციმციმებიანი ავტომობილით"- ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

***

ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი 1 ივნისის ღამეს დაესხა თავს. მათ მინები -ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.