ენათმეცნიერ მარინა ბერიძის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები "ცალსახად" ნეგატიური კონოტაციისაა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ის სპეციალისტის სახითაა მიწვეული და კანონში გამოყენებულ ტერმინოლოგიაზე საუბრობს. ენათმეცნიერი მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიწვიეს.
როგორც ბერიძემ აღნიშნა, ჩატარდა კვლევა, სადაც სამი სხვადასხვა მეთოდით იკვლიევს სიტყვები და შესიტყვებები: უცხოური, უცხო, ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ძალა, უცხოური ძალის ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ენათმეცნიერის თქმით, დადგინდა, რომ:
"კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად არის ნეგატიური კონოტაციის და დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორებით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტაქტისას არის შეუძლებელი. თუ ვიტყვით "შური", მას აუცილებლად ექნება უარყოფითი კონოტაცია და ჩვენ მას აუცილებლად უნდა დავუმატოთ დამატებითი მოდიფიკატორი, რათა ვაქციოთ დადებითი შინაარსის სიტყვად".
30 აგვისტოს სხდომაზე, სადაც მათ შორის კანონში გამოაყენებულ ტერმინოლოგიაზე საუბრობდნენ, პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა ამტკიცებდა, რომ სიტყვა "უცხო" ნეიტრალური შინაარსის მატარებელია.
"რაც შეეხება იმას, რომ სიტყვა "უცხო" მართლა შეიცავს უარყოფით კონოტაციას, ვიდრე ეს კანონი იქნებოდა ეს დისკომფორტი განათლების სამინისტრომ აღმომფხვრა იმით, რომ ჩვენთან დაწესებული "უცხო ენები", უცხო ენების ინსტიტუტი და უცხო ენათა ინსტიტუტი და ა.შ. დღეს განათლების სისტემაში საგნობრივი მახასიათებლებში, სილაბუსებში, პროგრამებში, ჩანაცვლებულია სიტყვით "უცხოურით", რადგან ეს ტერმინი შედარებით ნეიტრალურია", - თქვა მარინა მერიძემ სხდომაზე.