ელჩი: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა - გარკვეული პასპორტის მქონეთათვის უვიზოს შეჩერება, სანქციები

ელჩი: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა - გარკვეული პასპორტის მქონეთათვის უვიზოს შეჩერება, სანქციები

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კვლავ ამბობს, რომ ბრიუსელში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველოსთან მიმართებით "სხვადასხვა ზომები შეთანხმდეს". ამ კონტექსტში, ის გარკვეული პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმისვლის შეჩერებასა და სანქციების დაწესებაზე საუბრობს.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, სანქციების დაწესებას ერთსულოვნება სჭირდება და იმედს გამოთქვამს, რომ წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან, დაასანქცირონ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

"ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მიმდინარეობს ძალზედ ინტენსიური მოლაპარაკებები ბრიუსელში, ასევე დედაქალაქებს შორის, რათა შეთანხმდეს სხვადასხვა ზომები. ვიმედოვნებ, რომ 27 წევრი ქვეყანა იქნება იმ პოზიციაში, რომ შეათანხმოს კონკრეტული ზომები. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გარკვეული კატეგორიის პასპორტების მფლობელებისთვის და პირველ რიგში კი, სანქციები. სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთულია, რადგან ერთსულოვნებას მოითხოვს. კიდევ ერთხელ - მოლაპარაკებები 27 დედაქალაქს შორის მიმდინარეობს და იმედი მაქვს, წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან, დაასანქცირონ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე", - თქვა ელჩმა.

მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი "ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით" და აღნიშნა, რომ "ევროკავშირის ინსტიტუტების ახალი ხელმძღვანელობის პირობებში დიდია ერთგულება იმის მიმართ, რომ დასრულდეს საუბარი და დაიწყოს ქმედებები".

"მომავალ კვირას ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართება. ორშაბათს გაიმართება საგარეო საქმეთა საბჭო, მინისტრები განიხილავენ საქართველოს საკითხს. საქართველოს საკითხს, ასევე, განიხილავენ კვირის ბოლოს ევროპელი ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში ჩვენ ძალზედ ვართ შეშფოთებულები მოვლენებით საქართველოში. ევროკავშირის ინსტიტუტების ახალი ხელმძღვანელობის პირობებში დიდია იმის მიმართ ერთგულება, რომ დასრულდეს საუბარი და დაიწყოს ქმედებები", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.