ელჩი: ჯამში, 13 პირი დავასანქცირეთ, არ გვსურს უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში

ელჩი: ჯამში, 13 პირი დავასანქცირეთ, არ გვსურს უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში

გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, ჯამში, გერმანიას საქართველოს 13 მოქალაქე ჰყავს დასანქცირებული, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ფიშერის თქმით, არ სურთ, მათ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ.

როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და გერმანიის ურთიერთობა ახლა კრიზისშია.

ელჩის განცხადებითვე, ევროკავშირში შესასვლელად ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტურია, თუმცა ის საქართველოში დაირღვა და "თანაც ძალიან მნიშვნელოვნად".

როცა ჩამოვედი საქართველოში პრემიერმა მითხრა, რომ თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა იგივე მითხრა, თუმცა 2024 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კრიზისშია.

ჩვენი შეფასებით, დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებები დაირღვა, ასევე დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ევროკავშირში შესასვლელად ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტურია, თუმცა ის დაირღვა და თანაც ძალიან მნიშვნელოვნად.

ჩვენი პოლიტიკა და ზოგადად აღქმა ისეთია, რომ ადამიანის უფლებები საშინაო პოლიტიკის ნაწილად არ მიგვაჩნია, რადგან არსებობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენი მოვალეობა მათი დაცვაა. სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები 13 პირის მიმართ, რაც იყო ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. დავუწესეთ სანქციები 13 პირს, რომლებიც ჩვენი შეფასებით პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში" - თქვა ფიშერმა.

კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება სანქცირებული პირების ვინაობა ელჩი განმარტავს, რომ ამას გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს.

"სანქციები გზავნილია საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ ვეთანხმებით და გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს ქმედება. გერმანიაში ასევე გვაქვს კანონი, რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების დაცვას და სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებთ ამ ინდივიდების სახელებს. შესაბამისად, კანონი მიკრძალავს ღიად ვისაუბრო სახელებზე", - ამბობს პეტერ ფიშერი.