ეხო კავკაზა: კურსკის ოლქში ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მოხალისეები გადაისროლეს

ეხო კავკაზა: კურსკის ოლქში ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მოხალისეები გადაისროლეს

ეხო კავკაზას ინფორმაციით, კურსკის ოლქში, სადაც უკვე მე-4 დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ოკუპორებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან მოხალისეები გადაისროლეს.

"მთავარსარდალმა [ვლადიმერ პუტინმა] კურსკის ოლქსის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდა. დიდხანს ლოდინი საჭირო არაა. ჩავედით დასახმარებლად", - ნათქვამია "დონბასის ველური დივიზიის" მეთაურის განცხადებაში, რომელიც ეროვნებით აფხაზია, ახრა ავიძბა.

"სარმატის ბატალიონის პერსონალი, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის "დონბასის ველური დივიზიის" ნაწილი, გადავიდა საბრძოლო კონტაქტის ხაზზე კურსკის რეგიონში მტრის სამხედრო ფორმირებების განადგურების მიზნით. გამარჯვება ჩვენი იქნება", - წერს ოსური ბატალიონის ტელეგრამ-არხი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

დღეს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კურსკის ოლქში 100 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს და ასობით რუსი სამხედრო დაატყვევეს.