ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტის პროექტში მხოლოდ ჩინური კომპანია იღებს მონაწილეობას

ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტის პროექტში მხოლოდ ჩინური კომპანია იღებს მონაწილეობას

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა.

დავითაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ორ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით წინადადებები 2024 წლის 20 მაისამდე უნდა წარედგინათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.

"როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, ეს იყო შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ასევე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომლებმაც 2024 წლის 20 მაისამდე წარმოედგინათ ტექნიკურ-კომერციულ-ფინანსური წინადადებები. აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარები. ეს ვადა უკვე გავიდა. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა. რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი ჰყავს.

ახლოეს დღეებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და გამოვავლენთ გამარჯვებულს. ამის შემდეგ დავიწყებ მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით და ასევე პარტნიორთა შეთანხმებებზე შეიძლება საჭირო იყოს რამდენიმე კვირიანი პროცესი. საბოლოოდ ჩვენ უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას კერძო პარტნიორთან", - განაცხადა დავითაშვილმა ბრიფინგზე.

***

მარტში პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ პორტთან დაკავშირებით "კონკრეტული სამუშაოების" ივნისიდან დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.