ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი ეკა ბესელია პროკურატურაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა. მან განაცხადა, რომ მაგისტრი მოსამართლის გარეშე პირდაპირ საგამოძიებო ორგანოში მისცეს ჩვენება, სადაც მიმდინარეობს გამოძიება არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მე პირადად მზად ვარ, რომ ის ინფორმაცია რაც ვიცი, რაც მაქვს, მათ შორის, ნაწილი თან მაქვს, გამოძიებას უნდა გავუზიარო. მქონდა შემოთავაზება ან აქ ან მაგისტრ მოსამართლესთან, მაგრამ ძალიან შეგნებულად ვარჩიე აქ, უშუალოდ, გამოძიების ორგანოში მოსვლა და პირდაპირ იმ პირებთან, რომლებიც გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ.

თუ ეს გამოძიება იქნება, ოდნავ მაინც, ობიექტური, საკმარისია ის მტკიცებულებები და ინფორმაცია, რაც აქვს ყველა მონაწილე სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის, მეც.

როგორც იურისტს მიმაჩნია, რომ ამ ინფორმაციების გაზიარება არის ჩვენს ინტერესებშიც", - თქვა ბესელიამ.

**

დღეს, 21 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოიკითხება. კალანდარიშვილი ირწმუნება, არ არსებობს გარემოება, რომელიც არჩევნების სისტემურ დარღვევას დაამტკიცებს.