
გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ლიდერობს 29%-ით, ხოლო პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის - 19,5% მიიღო.
ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან. სავარაუდოდ, სწორედ ის გახდება გერმანიის ახალი კანცლერი.
რაც შეეხება ეგზიტპოლის მიხედვით მეორე ადგილზე გასულ ულტრამემარჯვენე პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, მათ 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმაღლესი შედეგი მიიღეს - პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი 2021 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე სოციალურ-დემოკრატიული პარტია კი მესამე ადგილზეა.
ასევე, 5%-იან ბარიერთან ახლოს არიან სარა ვაგენკნეხტის კავშირი - 4.7%-ით და თავისუფალი დემოკრატები - 4.9%-ით.
არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილების შემდეგ, პარტიული ჯგუფები კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ფორმირება მნიშვნელოვანი საკითხია.
მერცის პარტიას, მიუხედავად ლიდერობისა, არ აქვს აბსოლუტური უმრავლესობა, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობას განაპირობებს. AfD-სთან თანამშრომლობა სხვა პარტიებისთვის მიუღებელია, მათი ულტრამემარჯვენე პოზიციების გამო.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ CDU კოალიციის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს გამართავს SPD-სა და მწვანეებთან. თუმცა, პარტიებს შორის არსებული პოლიტიკის განსხვავებები მოლაპარაკებებს ართულებს, ამან შესაძლოა, მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი გააჭიანუროს.
კანცლერის არჩევის პროცესი მოითხოვს ბუნდესტაგის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას. თუ პირველ ორ რაუნდში ეს ვერ მიიღწევა, მესამე რაუნდში საკმარისია უბრალო უმრავლესობა. ამიტომ, კოალიციური მოლაპარაკებების წარმატება კრიტიკულია სტაბილური მთავრობის შესაქმნელად.
მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მომავალი მთავრობის ფორმირებისთვის.
გერმანიის ბუნდესტაგმა 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობაში კრიზისი 6 ნოემბერს დაიწყო, როდესაც კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ქრისტიან ლინდნერი, თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ მმართველი კოალიცია, რომელიც "სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან" (SPD), "მწვანეებისა" (GRÜNE) და "თავისუფალი დემოკრატებისგან" (FDP) შედგებოდა, ოფიციალურად დაიშალა.