2024 წლის არჩევნები რეფერენდუმია ქვეყნის დასავლურ კურსსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის. საქართველო და ქართველები გეოპოლიტიკური დაპირისპირების მნიშვნელოვან ეპიზოდში ვართ და ჩვენთვის დიდი, შეიძლება ითქვას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს შემოდგომისთვის როგორი იქნება ძალთა ბალანსი, რა წერტილში მივა დიდი შვიდეულის, თავისუფალი სამყაროს და რუსეთის და ავტოკრატების კარტელის სტრატეგიული თანაფარდობა.
ბოლო 2 კვირა ამ მხრივ განსაკუთრებულად საინტერესო გადაწყვეტილებებით გამოირჩა. მნიშვნელოვანი გლობალური ტრენდი რუსეთთან მიმართებაში რადიკალურად იცვლება… თუ აქამდე დასავლეთი მოსკოვთან რბილი შეკავების პოლიტიკას აწარმოებდა, ანუ დეესკალაციით ცდილობდა რუსეთის შეჩერებას, დღეს უკვე პირიქითაა. ვაშინგტონშიც, ლონდონშიც, პარიზშიც, ბერლინშიც და ტოკიოშიც კრემლის მოთოკვის ახალი იარაღი არა დეესკალაცია, არამედ ესკალაციაა.
თავდაპირველად ამ მიდგომის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო, თუმცა დღეს უკვე მას ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის არაერთი ქვეყანა შეუერთდა. რაც მთავარია ეს დინამიკა მზარდია და იმაშიც გამოიხატება რომ დასავლური იარაღის ახალმა პარტიებმა უკვე მიაღწია უკრაინის ფრონტს და რუსეთის შეტევა შეაჩერა. მეტიც, გერმანული "პატრიოტები" და "გეპარდები" უკვე გზაშია, ხოლო მოიერიშე F16-ები თვის ბოლოს უკრაინაში იქნება, რაც მთლიანად შეცვლის სურათს ცაში. გარდა ამისა, უკრაინამ უკვე მიიღო ამერიკული და გერმანული იარაღით მტრის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების განადგურების უფლება, რაც ხელ-ფეხს უხსნის კიევს უფრო თამამად, მასშტაბურად და ეფექტურად შეუტიოს რუსეთს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი შეცვლილი პოლიტიკის ფინანსური მხარე. ამერიკის 61 და ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას, დიდი შვიდეულის 50 მილიარდიანი სესხიც დაემატა, რომლის მომსახურებაც გაყინული რუსული აქტივებით მოხდება. რომ აღარაფერი ვთქვათ მძიმე სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც ამერიკის ხაზინამ სულ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და არა მხოლოდ რუსულ კომპანიებს, მათ შორის მოსკოვის საფონდო ბირჟას, არამედ არაერთ ჩინურ სახელმწიფო კომპანიასაც შეეხო, რასაც ჩინეთის მთავრობის ერთგვარი უკანდახევაც კი მოჰყვა. პრეზიდენტმა სიმ ზელენსკის პირობა მისცა რომ პეკინი მოსკოვს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. პეკინი სულ უფრო მეტად ხდება დაინტერესებული უკრაინაში ომის დასრულებით.
ამასობაში პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის საკუთარი პირობები წამოაყენა. კიევის მხრიდან რუსეთის არამარტო ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა და ნატოზე უარი, ეს არის რუსული მშვიდობის ფასი. მოსკოვის მცდელობა გასაგებია: მას სურს დროებითი ზავი და დამცირებული უკრაინა, რასაც ზელენსკის ხელისუფლებიდან გაშვება მოჰყვება, თავად კი სტრატეგიულ პაუზას მიიღებს მანამ, სანამ კვლავ შეუტევს. მართალია ამ პირობებზე არც კიევი და არც დასავლეთი დათანხმდება, თუმცა, ერთი ვერსიით, პუტინის მხრიდან ზავის მოთხოვნა იმის ნიშანია, რომ მოსკოვი ხედავს და უფრთხის დეესკალაციის გლობალური პოლიტიკის ესკალაციის ტრენდით შეცვლას. მეორე და ალბათ უფრო სარწმუნო ვერსიით, ასეთი ზავის, უფრო სწორედ ფაქტობრივი კაპიტულაციის შეთავაზება შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ პუტინი ესკალაციის ახალი ეტაპისთვის მზაობის იმიტაციას ქმნის, რომლის ერთადერთი ბოლოც ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენების ალბათობის ზრდაა, რისი არდაშვებაც დასავლეთზე არანაკლებ რუსეთისავე მოკავშირეების და მათ შორის პირველ რიგში ჩინეთის სტრატეგიული ამოცანაა.
თავშივე ვთქვით, რომ გვინდა თუ არა, ჩვენც ნაწილი ვართ ამ უპრეცედენტო მასშტაბის ჰიბრიდული ომის და გეოპოლიტიკური ძვრების.
საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვე და 10 დღეა დარჩენილი. იმას თუ რა მდგომარეობაში იქნება ამერიკა, ევროკავშირი, რუსეთი და უკრაინა ოქტომბრისთვის, დიდი გავლენა ექნება ქართველი ამომრჩევლის განწყობაზე და საარჩევნო პროცესზე.
თუ გავითვალისწინებთ დასავლეთის რუსეთისადმი გამკაცრებულ და ესკალაციისკენ შეცვლილ დინამიკას და უკრაინის ფრონტის პერსპექტივებს, აშკარაა რომ ივანიშვილისთვის საქმე კარგად ვერ მიდის. როგორც თავად მილიარდერი და მისი გარემოცვა, ისე მისი მთავარი მოკავშირე რუსეთი ოქტომბრისთვის შეუქცევადად მზარდი წნეხის ქვეშ იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, უცვლელი დარჩება ევროკავშირის პოლიტიკაც. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, ოცნებისთვის მთავარი პრობლემა უკვე მისი ახალი სტრატეგიული მოკავშირე პეკინი გახდება, რადგან ტრამპი თუ ვინმესთან ვერ იმეგობრებს - ეს სწორედ ჩინეთი და მისი ძველი თუ ახალი მოკავშირეები არიან.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ორი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია: პირველი, დასავლეთმა გადალახა კომპლექსები, ჩარჩოები და წითელი ხაზები, რომელიც თავად დაუწესა საკუთარ თავს და პუტინის გეგმას - ესკალაციის მეშვეობით მოეპოვებინა სტრატეგიული უპირატესობა და ეკარნახა პირობები, უპასუხა ასევე სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღებით, რაც უკრაინის კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერაში და რუსეთის რესურსების მაქსიმალურ შეზღუდვაში გამოიხატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსკოვზე წნეხი უფრო ეფექტური და მზარდი ხასიათის იქნება, რისი გაძლებაც გადაბერებული დიქტატორის რეჟიმს სულ უფრო გაუჭირდება. რაც, ავტომატურად ნიშნავს ქართული ოცნების სპონსორი პოლიტიკური ცენტრის და მისი გავლენების დასუსტებას სამეზობლოში და მათ შორის საქართველოში.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი დასკვნა პირველიდან, ანუ დასავლეთის რუსეთთან მიმართებაში, უფრო სწორედ გეოპოლიტიკური მასშტაბის სტრატეგიული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. უფრო მცირე მასშტაბით, თუმცა სწორედ ამ მიდგომის გაგრძელება იქნება საქართველოსთან, უფრო ზუსტად ივანიშვილის ადგილობრივ კლანთან ანალოგიურ, ხელოვნურ დეესკალაციაზე უარის თქმაც. რასაც, მაქსიმალურად ხელი შეუწყო არა მხოლოდ უკრაინაში პუტინის ნაბიჯებმა, არამედ რუსი ოლიგარქის დასავლეთთან კონფრონტაციის მორევში დაჩუტული მაშველი ჟილეტით გადაშვებამ.
აღარანაირი დათმობა, თვალის დახუჭვა თუ წაყრუება დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიების მიმართ, რომელსაც საქართველოში რუსული რეჟიმი ახორციელებს, აღარ მოხდება. დასავლეთიდან ეს წნეხი იქნება მზარდი და სულ უფრო მეტ გავლენას მოახდენს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციასა და რუსული რეჟიმის დასუსტებაზე.
ამდენად მივდივართ არჩევნებზე, რომლის არჩევანიც ასეთი მკაფიო 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა: - რაღა უნდა იყოს ამაზე ცხადი: - ვისი მეგობარი ხარ?! - დიდი შვიდეულის, თუ მე-18 საუკუნეში ჩარჩენილი დამპყრობლის, რომელსაც "მეგობრებად" მხოლოდ თალიბები, ჰუსიტები და ჰამასი შერჩენია.