
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე წერს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, დაბარება ქართული ოცნების პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას უკავშირდება.
ჯაფარიძე ამბობს, რომ მზადაა, პროკურატურის ნაცვლად მაგისტრ მოსამართლესთან გამოცხადდეს.
"თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება.
პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სურთ ჩემი მოწმის სახით გამოკითხვა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ადვოკატის განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაზუსტდა.
რა თქმა უნდა, აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას.
შესაბამისად ვსარგებლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით მონიჭებული უფლებით და მზად ვარ ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად, პროკურატურის ნაცვლად გამოვცხადდე მაგისტრატ მოსამართლესთან", - წერს ბადრი ჯაფარიძე.
26 მარტს "წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ" ბადრი ჯაფარიძის "გამოუცხადებლობის გამო" საქმე პროკურატურას გადასცა. 25 მარტს კომისიამ გადაწყვიტა, რომ პროკურატურას იმავე მიზეზით გადასცეს მამუკა ხაზარაძის საქმეც.