თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე დაიკითხა.
ივანიშვილის უფლებადამცველმა ისაუბრა იმ წერილზე, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ეს წერილი მან გაუგზავნა ბაჩიაშვილს.
ასევე, მან აღნიშნა, რომ ამ წერილის შინაარსში "კრიმინალურს ვერაფერს ხედავს" და აღნიშნულს "შეთავაზებას" უწოდებს, რაც მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო.
ადვოკატის ცნობით, ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხება, რადგან წიქვაძის თქმით, ის "დაზარალებულია".
"მუქარის წერილს ვერ დავარქმევ ამას. ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა, მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის. [...]
მემგონი ძალიან მარტივად ავხსენი ყველაფერი. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არ არის. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება. პირიქით, კარგია. [...]
მიგვაჩნია, რომ ჩვენი უფლებები არის შელახული. ჩვენი ბიტკოინები, უფრო სწორად, ჩემი მარწმუნებლის, არის მითვისებული და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებელი აქ არ არის. არავითარი "კრიმინალური შოჩიკები" არავისთვის არ აქვთ ჩართული", - თქვა ივანიშვილის ადვოკატმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი, მტკიცებულებების გამოკვლევის მიზნით, 29 იანვარს ჩაინიშნა.
***
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს, რომელშიც ივანიშვილისთვის გადასაცემ ბიტკოინებზეა საუბარი.
23 იანვარს გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე მან ამ წერილის შინაარსზეც ისაუბრა. მან თქვა ისიც, რო 90-იან წლებში ამ წერილს "კრიმინალური შოჩიკი" ეწოდებოდა.
ბაჩიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ივანიშვილისთვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდებოდა ყოველთვე - "აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ."