უამინდობამ პრობლემები შექმნა გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც - 23 დეკემბერს ძლიერი ქარის შედეგად ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და ღერძი დაზიანდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ და ადგილზე მუშაობდნენ.
უამინდობამ პრობლემები შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით. ძლიერმა ქარმა ბათუმში დააზიანა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავი, მოგლიჯა ხეები და სახლის სახურავები. დაზიანებულია გზები და ავტომობილები. ამასთან, მახინჯაურში წაიქცა ხე და საკონტაქტო ქსელი დააზიანა, რის შედეგადაც, შეფერხდა მატარებლის რამდენიმე რეისი.
სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში - ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. გარდა ყვარლისა, უამინდობამ პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში. ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა.