უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს.
ზელენსკის განცხადებით, მან ტრამპს კანდიდატურის ოფიციალური წარდგენა მიულოცა და მასზე თავდასხმა დაგმო.
"ვუსურვე მხნეობა და მომავალში აბსოლუტური უსაფრთხოება", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკი ამბობს, ტრამპთან საუბრის დროს, აღნიშნა "ამერიკის ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად". მისივე თქმით, ტრამპთან შეთანხმდა, რომ პირადი შეხვედრის დროს განიხილავდა ზომებს, რომლებიც მშვიდობის მისაღწევადაა მისაღები.
თავის მხრივ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან საუბარი "ძალიან კარგი იყო".
"მადლობელი ვარ პრეზიდენტი ზელენსკის იმის გამო, რომ დამიკავშირდა, რადგანაც მე, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მსოფლიოს მოვუტან მშვიდობას და დავასრულებ ომს, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე წაიღო და უთვალავი უდანაშაულო ოჯახები დაანგრია. ორივე მხარე შეძლებს შეხვდეს და მოილაპარაკოს შეთანხმებაზე, რომელიც დაასრულებს ძალადობას და გზას გაუხსნის კეთილდღეობას", - დაწერა სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა.