რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი რუსულ კანონს ქართული ოცნების მსგავსი რიტორიკით აფასებს.
ვოლოდინი ამბობს, კანონის მოწინააღმდეგეები "სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ".
ამასთან, მისი მტკიცებით, "ისტერიკა" კანონის გარშემო მეტყველებს იმაზე, რომ "არსებობს ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობის".
"საქართველოში ვნებათაღელვაა. განიხილება კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღება რუსეთს აწყობს.
ამ კონტექსტში სწორია ითქვას შემდეგი:
ნებისმიერი ქვეყანა, თუ სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავის მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომლის არსიც უცხოეთიდან შიდა საქმეებში ჩარევის აღკვეთაში მდგომარეობს.
ისინი, ვინც ამ კანონის მიღების წინააღმდეგნი არიან, ცალსახად მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებით და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესით.
უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ისტორია ამერიკაში, 1938 წელს დაიწყო. უნდა ითქვას, რომ მისი ნორმები ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე მკაცრია. ისინი იძლევიან შესაძლებლობას მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. აფერხებენ მედიის მუშაობასა და ინფორმაციის გავრცელებას. მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესებულია სისხლის სამართლის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთით, 5 წლის ვადით.
დღეს კანონი ამერიკის გარდა, ამა თუ იმ ფორმით სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა ბევრად უფრო ლიბერალური ფორმით - ბრიტანეთში, ისრაელში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში. რუსეთში სხვათა შორის კანონი 2012 წელს მიიღეს.
ვაშინგტონისა და ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, კანონი ცოტა ხნის წინ უნგრეთსა და ყირგიზეთში მიიღეს. ახლა ინიციატივა უცხოელი აგენტების შესახებ განიხილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც. თუმცა პარიზში, თბილისისგან განსხვავებით - არ არის არც ქუჩის პროტესტები, არც შეძახილები ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან.
ყველაფერი ვაშინგტონის პოლიტიკის ბრალია, რომლის სათავეში საკუთარი ექსკლუზიურობის, სხვებზე უპირატესობისა და ორმაგი სტანდარტების პრინციპები დგას.
ზოგ ქვეყნებს, თუ ისინი მზად არიან ვაშინგტონს ემსახურონ - შეუძლიათ მიიღონ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ - თუმცა მხოლოდ ამერიკის ნებართვით. სხვებს, რომელთაც სურთ უცხოეთის გავლენისა და ქვეყნის დამონების შეჩერება, ასევე დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა – არ შეუძლიათ.
ასეთ შემთხვევებში აწყობენ პროტესტებს, არეულობებს, საგარეო წნეხს. ზუსტად ეს ხდება საქართველოში. ასეთი ისტერიკა უცხოელი აგენტების კანონის გარშემო შეიძლება მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებდეს, რომ არსებობს ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობის და ფული ამაზე უკვე გამოყოფილია, ხოლო კანონის მიღებამ შესაძლოა ეს გეგმები ჩამოშალოს"- ამბობს ვოლოდინი.