რუსეთის დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ტერორიზმის ბრალდებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.
კანონპროექტის თანახმად, ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება უვადო პატიმრობა. (ამჟამად ითვალისწინებს 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ხოლო ტერორიზმის ბრალდებაზე 15-დან 20-წლამდე პატიმრობის შეფარდებას (ამჟამად ითვალისწინებს 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების აღსრულებაში დახმარებისთვის, რომლებიც რუსეთი არ მონაწილეობს. მაქსიმალური სასჯელი 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.
კანონპროექტი რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბირო ორგანოს 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა. ის შეიცავს ცვლილებებს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც "მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გაძლიერებას ტერორისტული ხასიათის დანაშაულებზე და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის".
აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში მკვეთრად გაიზარდა ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმებისა და დივერსიების შემთხვევები. გარდა ამისა, გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება.