დუდა: უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს თუ არა, არ ვიცი, მჯერა, დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებენ

დუდა: უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს თუ არა, არ ვიცი, მჯერა, დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებენ

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, არაა დარწმუნებული, შეძლებს თუ არა უკრაინა ყირიმზე კონტროლის აღდგენას, თუმცა სჯერა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის დაბრუნებას შეძლებს.

"არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დაიბრუნებს დონეცკსა და ლუგანსკს", - განაცხადა დუდამ.

ერთი Youtube არხისთვის 2 თებერვალს მიცემულ ინტერვიუს როგორც უკრაინაში, ასევე, პოლონეთშიც კრიტიკა მოჰყვა.

მან ყირიმს "განსაკუთრებული ადგილი უწოდა" და თქვა, რომ "თუ ისტორიულად შევხედავთ, ის, ძირითადად, რუსეთის ხელში იყო".

დუდას განცხადებას პოლონეთში უკრაინის ელჩი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ყირიმი უკრაინაა, არის და დარჩება".

დღეს, 3 თებერვალს დუდამ განცხადებით გამოწვეული უთანხმოების განმუხტვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით სცადა და დაწერა, რომ მისი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიაზე პირველივე დღიდან ნათელია.

"რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების, მათ შორის, ყირიმის ოკუპაცია, დანაშაულია. ჩვენ თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის მხარეს და სასტიკი იმპერიალიზმის წინააღმდეგნი ვდგავართ".