პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პოლონეთის არმიის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისის ცენტრში სიტყვით გამოსვლა გაიხსენა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, იმ დროს ლეხ კაჩინსკი დასავლეთს მოუწოდებდა, რუსეთის იმპერიული მისწრაფებების წინააღმდეგ წასულიყო, ამასთან, ის NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მომხრე იყო, თუმცა მისივე თქმით, კაჩინსკის "მაშინ არ მოუსმინეს". მან აღნიშნა, რომ ეს "პოლიტიკოსებისთვის გაკვეთილია".
"ზუსტად სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.
პოლონეთის რესპუბლიკის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, მაშინ, თბილისის ცენტრიდან თავისუფალ მსოფლიოს გაერთიანებისკენ და რუსეთის იმპერიული მისწრაფებების წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდა და გაგვაფრთხილა: "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი შეიძლება ჩვენი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგეს". ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები.
პროფესორი ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, NATO-ს გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის მიღების, ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დიდი მხარდამჭერი იყო. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს, თავს დაესხნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ, მაგრამ ის მართალი იყო. მისი სიტყვები ისტორიამ დაადასტურა და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს", - განაცხადა ანდჟეი დუდამ.