პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას თქმით, NATO-მ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რათა ის რუსეთის თავდასხმის სამიზნე არ გახდეს.
ეს პოლონეთის პრეზიდენტმა CNBC-თან ინტერვიუში თქვა და რუსეთის მიერ NATO-ზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ცნობებს გამოეხმაურა.
დუდა გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პუტინი აორმაგებს ომის ეკონომისკენ გადასვლის ტემპს 2026-2027 წლებში NATO-ზე თავდასხმის მიზნით.
"განგაშის ზარები რეკავს...ჩვენ გვაქვს ორი ან სამი წელი, რომ გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ევროპის უსაფრთხოება, მოვემზადოთ და დავრწმუნდეთ, რომ შეჭრა არ მოხდება"- თქვა დუდამ.
16 მარტს გამოცემა Business Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გერმანიის სადაზვერვო სამსახურების მიერ მომზადებული ანგარიში პროგნოზირებს, რომ 2026 წლიდან რუსეთი, შესაძლოა, NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებს დაესხას თავს.
კონკრეტულად, გერმანული დაზვერვის ანგარიში მიუთითებს, რომ კრემლი დასავლეთთან დიდი კონფლიქტისთვის ემზადება, რაზეც მოსკოვის არმიის რეორგანიზაცია, გადაადგილება და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რაკეტების განლაგება მეტყველებს.
ანგარიშის მიხედვით "აღარ არის გამორიცხული, რომ 2026 წლიდან რუსეთი თავს დაესხმება NATO-ს ტერიტორიის ნაწილს", მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ან ფინეთს.