მომავალ კვირას, ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაეროს ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. დროების ინფორმაციით, პრემიერმინისტრის გამოსვლის ტექსტში საქართველოს მხრიდან ე.წ. თავდაუსხმელობის აქტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება.
დროების ცნობით, ეს სწორედ ის მოთხოვნაა, რომელსაც ჟენევაში მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციის და ორივე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვენ.
როგორც ცნობილია, ეს ვალდებულება, საქართველოს, ცალმხრივად, წლებია აღებული აქვს, მათ შორის გაეროს და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდანაც. მიუხედავად ამისა, რუსეთი მონდომებით ცდილობს მსგავსი შეთანხმების სუბიექტებად სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები აქციოს.
დროების ინფორმაციით, შეთანხმების აღსრულების შემთხვევაში თბილისი თავად შექმნის პრეცედენტს კონფლიქტის მხარეებად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად არა რუსეთის, არამედ სოხუმისა და ცხინვალის აღიარებისა.
***
ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირების ფონზე, ხვალ, პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრება.
როგორც ცნობილია, კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, შტატებს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამერიკის ხმის ცნობით ეს ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის 2 პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ 2 წყარომ დაუდასტურა.
ამერიკის ხმის წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ.