პარტია დროა ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისი პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ემსახურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ისევ არ შეასრულა კონსტიტუციური ვალდებულება და მოქალაქეების მოძალადე ჯგუფებისგან დაცვაზე უარი თქვა.
დროაში ამბობენ, რომ მოძალადე ჯგუფები სწორედ ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული და დაფინანსებული. დროა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ყველა ლგბტქი+ ადამიანს და თბილისი პრაიდის გუნდს.
"ყველა შესაძლო სახით, თუნდაც ფიზიკურად, დავიცავთ შეკრებისა და გამოხატვის თქვენს კონსტიტუციურ უფლებას. რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ ფესტივალის ორგანიზატორების ინსტრუქციების მიხედვით. საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგ ჯერზე არ შეასრულა საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეების დაცვაზე მოძალადე ჯგუფებისგან. ეს პირველად არ ხდება და არც გასაკვირია, რადგან სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერაა დაფინანსებული, ორგანიზებული და დაუსჯელობით წახალისებული ეს მოძალადე ჯგუფები.
საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოაწყო ძალადობის დემონსტრირება. ხელწერა იგივეა - ჟურნალისტებზე და განსხვავებულ, მათთვის მიუღებელ საზოგადოების ნაწილზე თავდასხმა. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებზე შეტევა, დარბევა და დაკავებები. ვნახეთ როგორ იცავდა ქართული პოლიცია ლავროვის ოჯახის ქორწილს და ქეიფს პროტესტის მონაწილეებზე სასტიკი ფიზიკური შეტევით. სწორედ ამიტომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლება არის ძალადობისა და დაპირისპირების პირველი და ყველაზე დიდი წყარო", - წერია დროას განცხადებაში.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.