ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას შეხვდა. ტიხანოვსკაიამ ნავალნის ცოლთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა მოკლა.
"ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, ვინ არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. ის პუტინის რეჟიმმა მოკლა. ეს არის შეხსენება მთელი მსოფლიოსთვის, რომ დიქტატორები არაფერზე ჩერდებიან. დემოკრატიულმა სამყარომ სიმამაცის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. პასუხი სისასტიკეზე გადამწყვეტი უნდა იყოს.
ჩვენ გვეშინია ათასობით ბელარუსი პოლიტპატიმრის სიცოცხლის. ბევრი მათგანი დაკავებულია ტყვეობაში გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე. არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ არა. ჩვენ არ შეიძლება ციხეებში ახალი სიკვდილიანობის დაშვება.
ჩვენ გვჭირდება ორი დიქტატორის იზოლირება, მათ რესურსები უნდა გამოვაცალოთ და ვაიძულოთ, რომ გადაიხადონ ყველა დანაშაული - უკრაინელების წინააღმდეგ, ბელარუსების წინააღმდეგ, მსოფლიო მშვიდობისა და წესრიგის წინააღმდეგ.
ამ რთულ ბრძოლაში გასამარჯვებლად, ჩვენ გვჭირდება სტრატეგია და მოქმედების კონკრეტული გეგმა. იმედი მაქვს, ამ დისკუსიების დროს მოვისმენ კონკრეტულ იდეებს, რომლებიც დაგვეხმარება ბელარუსის დემოკრატიისკენ წინსვლაში და ევროპაში მშვიდობის აღდგენაში", - აცხადებს ტიხანოვსკაია.
***
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.
ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.