დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

Reuters-ის ცნობით, დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მხარეებს თავის შეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის გაღვივების საფრთხეს ქმნის.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ საპასუხო ძალადობის მიმდინარე დესტრუქციული ციკლის გაგრძელებისგან და შეამცირონ დაძაბულობა", - წერია განცხადებაში.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და ჰამასი ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და ჰეზბოლასთან ერთად შურისძიების პირობას დებენ.