ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებსა და ფინანსურ სანქციებზე საუბრობს.
ის ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების წინასაარჩევნოდ დაწესება გაფრთხილებაა მთავრობისადმი, რომ "ამ გზაზე არ იარონ".
"ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ოცნების მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან. [...]
ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა. ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებული რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს", - ამბობს დენიელ ფრიდი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.