ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერის, ხატია დეკანოიძის განაცხადებით, საარჩევნო უბნებზე ინვენტარი ისე განლაგდა, რომ "დამკვირვებლებს არ მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ ადამიანებს, რომლებიც ხმას აძლევენ".
დეკანოიძის თქმით, დამკვირვებელს უნდა შეეძლოთ ადამიანთა იდენტიფიცირება და ამისთვის უმნიშვნელოვანესია რეგისტრატორის მაგიდის ისე მოწყობა, რომ პროცესს ხელი არ შეუშალოს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
"დღეს, დილის 10 საათიდან უბნებს ინვენტარი გადაეცა, დაიწყო საარჩევნო უბნების მოწყობა. აქ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ჩვენ დილიდან გვაქვს ინფორმაცია, ამას გავუზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებსაც და მედიასაც, რომ რეგისტრატორის ადგილზე მაგიდები, სადაც ისინი სხედან, სადაც განთავსებულია მონიტორები, რომელშიც არის საარჩევნო სია, რეალურად დგას ისე, რომ დამკვირვებლებს არ მიეცეთ საშუალება, დააკვირდნენ ადამიანებს, რომლებიც ხმას აძლევენ.
საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლი მკვეთრად განმარტავს, რომ დამკვირვებლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ნებისმიერი ადგილიდან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრატორის ადგილი - მაგიდა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილი, იმისთვის, რომ იდენტიფიცირდნენ ადამიანები, ვინც ხმას აძლევს, იყოს კედლისგან მოშორებით და ყველა დამკვირვებელს აქვს იმის უფლება, იდგეს ამ მაგიდისა და რეგისტრატორის უკან", - განაცხადა დეკანოიძემ.
მანამდე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს მიმართა, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დღეს ჩასატარებელი ყველა პროცედურა გამართულად წარიმართოს და საარჩევნო უბნებში მყოფ უფლებამოსილ პირებს პროცესებზე შეუფერხებელი დაკვირვების საშუალება მიეცეთ.