პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ დეოლიგარქიზაციის ეს გეგმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი, გასაიდუმლოებული, რომელზეც არავინ არაფერი იცის და, მათ შორის, არ გამოაქვეყნეს, შეეხება ბიძინა ივანიშვილს. სისტემური მიდგომა ნიშნავს, რომ სასამართლო უნდა იყოს ობიექტური, კანონის უზენაესობა უნდა იყოს, კლანი არ უნდა მართავდეს სასამართლოს და ა.შ, რადგან ცალკე განპიროვნება ნიშნავს ადამიანის უფლებების დარღვევას", - განაცხადა დეკანოიძემ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა გაიმართა, რომელზეც ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს.
დოკუმენტი, რომელიც საჯარო არაა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.
დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე - მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტეზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა - ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონპროექტი, რადგან მასში შეტანილი ზომები, მათ შორის პერსონალიზაციის მიმართულებით, ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი არის რისკი, ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ოლიგარქიული გავლენების შესამცირებლად კონკრეტული რეფორმები გაატარონ.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ თუ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს და ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, მმართველი პარტია კანონს აღარ მიიღებს.
15 ივნისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ვროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის ამოღების შესაძლებლობა არ არსებობს.
ამასთან, ფორმულას კითხვის საპასუხოდ ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს იზიარებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, პერსონალურის ნაცვლად, სისტემურ მიდგომას მიმართონ.