დეგნანი BBC-ის გამოძიებაზე: საჭიროა მეტი ინფორმაცია, სამართლებრივი პროცედურის დაწყება

დეგნანი BBC-ის გამოძიებაზე: საჭიროა მეტი ინფორმაცია, სამართლებრივი პროცედურის დაწყება

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე მეტი ინფორმაცია და იურიდიული პროცედურების დაწყებაა საჭირო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ისაუბრა.

"არ მქონდა საშუალება, სრულად მენახა გადაცემა, თუმცა მის შესახებ მოვისმინე ქართულ მედიაში, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული, გამოააშკარაო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ესაა საჯარო ინფორმაცია, რომელიც შემდგომ ხელისუფლებამ, შეიძლება, გამოიყენოს საკუთარი გამოძიების ჩასატარებლად. ამაში ეს მნიშვნელოვანი ელემენტია და რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების კვალდაკვალ გაცილებით მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, საჭიროა მეტი ინფორმაცია, სამართლებრივი პროცედურის დაწყება და დარწმუნებული ვარ, დაიწყება", - განაცხადა დეგნანმა.

ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, ევროპის მოსახლეობის ძარცვას უკავშირდება. გამოცემა ამ სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილს ასახელებს.

სტატიის მიხედვით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილის ოფშორული კომპანიების ქსელებთან, ე.წ Milton Group-თან კავშირს ადასტურებს. სტატიის ავტორების ვარაუდით, კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია, რის მტკიცებულებადაც ე.წ Milton Group-ის ყოფილ თანამშრომლებს ასახელებს, რომლებმაც ჟურნალისტებს კეზერაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის სტატიაში აღწერილი ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია, მონაწილეობა არ მიუღია მსგავს სქემებში.

დავით კეზერაშვილი გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს ინფორმაცია ქოლ-ცენტრების საქმეში რეალურად ჩართულ მაღალჩინოსნებზე.