ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, ევროპის მოსახლეობის ძარცვას უკავშირდება. გამოცემა ამ სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილს ასახელებს.
სტატიის მიხედვით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილის ოფშორული კომპანიების ქსელებთან, ე.წ Milton Group-თან კავშირს ადასტურებს. სტატიის ავტორების ვარაუდით, კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია, რის მტკიცებულებადაც ე.წ Milton Group-ის ყოფილ თანამშრომლებს ასახელებს, რომლებმაც ჟურნალისტებს კეზერაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სტატიის 4 ავტორს შორის არის The Times of Israel-ის ჟურნალისტი სიმონა ვეინგლასი, რომელმაც ამავე თემაზე სტატია 2020 წელსაც დაწერა. ამ სტატიის მიხედვით ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტმა ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ კეზერაშვილი ქოლცენტრებთან იყო დაკავშირებული.
ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის სტატიაში აღწერილი ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია, მონაწილეობა არ მიუღია მსგავს სქემებში.
კეზერაშვილის თქმით, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელთან კითხვები აქვს და არ აპირებს, უყურადღებოდ დატოვოს ზიანი, რასაც ეს მასალა აყენებს.
მისი თქმით, გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ამ მასალაში მასთან დაკავშირებული, როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დაადასტუროს.
„მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში. გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება” - სოციალურ ქსელში წერს დავით კეზერაშვილი.
BBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიას სრული სახით გთავაზობთ:
გლობალური თაღლითობის სქემამ ჩვეულებრივ ინვესტორებს 1 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა მოპარა. BBC Eye-მ გამოავლინა ბიზნესმენების საეჭვო ქსელი, ვინც, როგორც ჩანს ამის უკან დგას.
თავდაპირველად გესმის ტელეფონის რეკვა. მოხუცი კაცი პასუხობს. ის, ვინც რეკავს თავს წარადგენს, როგორც უილიამ გრანტი, სავაჭრო კომპანია Solo Capitals-დან. ის ამბობს, რომ "დიდებული შემოთავაზება" აქვს.
მოხუცი კაცი მოწყვლადი და დაბნეული ჩანს. "არ მაინტერესებს, არ მაინტერესებს" - ამბობს ის.
მაგრამ უილიამ გრანტი დაჟინებით აგრძელებს. "მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს" - ეუბნება მოხუც კაცს. "დაინტერესებული ხართ, გააკეთოთ ფული?"
ჯან ერიკი, 75 წლის პენსიონერი შვედეთში კვლავ თაღლითობის მსხვერპლი ხდება. ზარი Solo Capitals-ის ოფისებიდან განხორციელდა, ოფიციალურად კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმიდან, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული. ჩანაწერი რთული მოსასმენია, რადგან მოხუცი კაცი, ჯან ერიკი არამხოლოდ დაბნეული ჩანს, ის ზარის ავტორს ეუბნება, რომ მან უკვე დაკარგა 1 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით £80,000) სავაჭრო თაღლითობებით.
თუმცა ზარის ავტორმა ეს უკვე იცის. და მან იცის, რომ ეს აქცევს პენსიონერს კარგ სამიზნედ მომავალი "აღდგენითი თაღლითობისთვის". ის ჯან ერიკს ეუბნება, რომ თუ ის საკუთარი ბარათის დეტალებს გადასცემს და გადაიხდის 250 ევროს დეპოზიტის სახით, Solo Capitals გამოიყენებს სპეციალურ პროგრამას, რომ მიჰყვეს მის დაკარგულ ინვესტიციებს და ფული დაიბრუნოს.
"ჩვენ შევძლებთ სრული რაოდენობის აღდგენას" - უილიამ გრანტი ამბობს.
მას დიდი დრო დასჭირდა ჯან ერიკის დასარწმუნებლად. მაგრამ ტელეფონზე 30-წუთიანი საუბრის შემდეგ, პენსიონერი იწყებს საკრედიტო ბარათის დეტალების ამოკითხვას.
აუდიო ჩანაწერი კომპანიამ შეინახა სახელით "უილიამი შვედეთი მოტყუებული". BBC-მ ყოფილი თანამშრომლისგან მოიპოვა ფაილი, მაგრამ კომპანიას დიდად არ უცდია ამის დამალვა. სინამდვილეში, მან ეს [ჩანაწერი] ახალ თანამშრომლებს დაურიგა, როგორც კომპანიის წვრთნების პაკეტის ნაწილი.
ეს იყო გაკვეთილი იმაზე, თუ როგორ მოატყუო [მომხმარებელი].
ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში BBC Eye იძიებდა ასობით სხვადასხვა ინვესტორი ბრენდების გლობალურ თაღლითურ სავაჭრო ქსელს, რომელმაც მოტყუებით მოჰპარა მილიარდ დოლარზე მეტი ისეთ უნებლიე მომხმარებლებს, როგორიც ჯან ერიკია.
ჩვენი გამოძიება პირველად ააშკარავებს თაღლითობის ფართო მასშტაბებს, ისევე როგორც ამ ინდივიდების ჩრდილოვანი ქსელის მონაწილეების იდენტობებს, ვინც როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან დგას.
ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც მილტონის ჯგუფი (Milton group), ეს სახელი თავდაპირველად გამოიყენებოდა თაღლითების მიერ, თუმცა მასზე უარი 2020 წელს თქვეს. ჩვენ ამოვიცანით 152 კომპანია, მათ შორის Solo Capitals, რომლებიც, როგორც ჩანს ამ ქსელის ნაწილები არიან. ის მუშაობს სამიზნე ინვესტორების მეშვეობით და მათ ათასობით, ზოგ შემთხვევაში კი ასობით ათასი გირვანქა სტერლინგისგან ძარცვავს.
მილტონის ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ასევე ასპონსორებდა უმაღლესი რანგის ესპანურ საფეხბურთო კლუბს და არეკლამებდა დიდ გაზეთებში, რასაც მისთვის სანდოობა და პოტენციური ინვესტორები მოჰქონდა.
ნოემბერში საქართველოს დედაქალაქ თბილისში BBC Eye თან ახლდა გერმანულ და ქართულ პოლიციას ქოლ ცენტრების რეიდებზე. კომპიუტერების ეკრანებზე ჩვენ ვნახეთ ბრიტანული ტელეფონების ნომრების უამრავი ხაზი. ჩვენ დავურეკეთ რამდენიმეს და ვესაუბრეთ ბრიტანეთის მოქალაქეებს, ვინც გვითხრეს, რომ მათ ახლახან განახორციელეს ინვესტიცია. ერთ-ერთ მაგიდაზე იყო ხელით გაკეთებული ჩანაწერი სახელების სიითა და თაღლითებისთვის გამოსაყენებელი დეტალებით: "სახლის მფლობელი, არ აქვს ვალდებულებები"; "50 000 დანაზოგად", "პოლონეთიდან, ბრიტანეთის მოქალაქე"; "50 000 აქციების სახით".
ერთ-ერთი ბრიტანელი კაცის სახელის გვერდით ჩანაწერია: "დანაზოგი 10 000-ზე ნაკლები, ძალიან მშიშარა, მალე უნდა მოვატყუოთ".
მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც სოციალურ მედიაში რეკლამა ნახა. 48 საათში ისინი, როგორც წესი იღებენ სატელეფონო ზარს ადამიანისგან, რომელიც მათ ეუბნება, რომ შეუძლიათ დღეში 90%-მდე სარგებელს მიიღებენ. ტელეფონის მეორე მხარეს, როგორც წესი ქოლცენტრია, რომელსაც ლეგიტიმური ბიზნესის მსგავსი ბევრი მახე აქვს - თანამედროვე, სმარტ ოფისები HR-ის დეპარტამენტით, ყოველთვიური სამიზნეებითა და ბონუსებით, გასვლითი დღეებით და შეჯიბრებით საუკეთესო გაყიდვების აგენტის გამოსავლენად. ზოგიერთი ქოლ ცენტრი ბონუსად ფონად მამოტივირებელ მუსიკას უკრავს. თუმცა ასევე არის ელემენტები, რომლებსაც კანონიერ ბიზნესებთან ვერ ნახავთ - გაწერილი გზამკვლევი თუ როგორ უნდა ამოიცნო პოტენციური ინვესტორის სისუსტეები და ეს სისუსტეები მათ წინააღმდეგ გამოიყენო.
პირველივე სატელეფონო ზარიდან მსხვერპლი, შესაძლოა, გადართონ რეგულირებულ კომპანიებში ან ზოგჯერ არარეგულირებულ, ოფშორულ ერთეულებში. ზოგიერთ მსხვერპლს, ვინც დარეგისტრირდა მილტონის ჯგუფში გაერთიანებულ რეგულირებულ კომპანიებში, მათი ბროკერები ავალებენ, ჩაერთონ გარიგებებში, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს ფულს აკარგვინებს, ბროკერს კი ფულს აკეთებინებს - ეს პრაქტიკა უკანონოა დიდი ბრიტანეთის რეგულაციებით. ზოგიერთ მსხვერპლს მიუთითებენ, გადმოწერონ პროგრამა, რომელიც თაღლითს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად აკონტროლოს მათი კომპიუტერი და მათ ნაცვლად განათავსოს სავაჭრო გარიგებები - რაც ასევე უკანონოა. და მილტონის ჯგუფის კომპანიების ყოფილი თანამშრომლების ცნობით, ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ისინი ნამდვილ გარიგებებში არიან, მაგრამ მათ ფულს უბრალოდ იპარავენ.
"მსხვერპლები ფიქრობენ, რომ კომპანიასთან ნამდვილი ანგარიში აქვთ, მაგრამ სინამდვილეში არანაირი გარიგება არ არსებობს, ეს უბრალოდ სიმულაციაა" - აცხადებს ალექსი, ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მილტონის ჯგუფის ოფისში კიევში მუშაობდა.
იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ მუშაობს თაღლითობა, BBC პოტენციურ გამრიგებლად შეინიღბა და დაუკავშირდა Coinevo-ს, მილტონის ჯგუფის ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმას. ჩვენ მრჩეველი დაგვიკავშირდა, რომელიც გაგვეცნო სახელით პატრიკი და გვითხრა, რომ შევძლებდით "ერთ დღეში 70% ან 80% ან 90% სარგებლის მიღებას". მან გვითხრა, გაგვეგზავნა $500-ის ღირებულების ბიტკოინი დეპოზიტის სახით, რითაც ვაჭრობას დავიწყებდით.
პატრიკი ჩვენს შენიღბულ მოვაჭრეს მოუწოდებდა, გადაეცა მისთვის პასპორტის ასლი და ყალბი ასლის მიღების შემდეგ ჩვენ შევძელით ანგარიშით ოპერაციების გაგრძელება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, ვიდრე Coinevo აღმოაჩენდა ყალბ ასლს. ამ დროს პატრიკმა მეილზე მოგვწერა, გვაგინა და კონტაქტი გაწყვიტა.
მაგრამ BBC-ის სადეპოზიტო ფული უკვე სისტემაში იყო. ჩვენ შევძელით მისთვის თვალის მიდევნება, მაშინ როცა ის პატარა ნაწილებად დაიყო და ბევრ სხვადასხვა ბიტკოინის საფულეში გადანაწილდა, რომელთაგან ყველა აშკარად მილტონის ჯგუფთან იყო კავშირში. ექსპერტებმა BBC-ის უთხრეს, რომ ნამდვილი ფინანსური ინსტიტუტები ფულს ასე ძაბრისებურად არ ანაწილებს. ლუიზ ებოტმა, იურისტმა, რომელიც კრიპტოვალუტისა და თაღლითობის კუთხით სპეციალიზდება, შეამოწმა თანხის გადაადგილება და თქვა, რომ ეს მიუთითებს "ფართომასშტაბურ ორგანიზებულ დანაშაულზე". მიზეზი, რის გამოც ფული სხვადასხვა ბიტკოინის საფულეში ნაწილდებოდა, ებოტის თქმით, ისაა, რომ "რაც შეიძლება გაერთულებინა და რაც შეიძლება რთული ყოფილიყო მისი მოძებნა, როგორც თქვენთვის, ისე მსხვერპლისთვის, ასევე იურისტებისთვის".
ამ სატელეფონო სავაჭრო თაღლითობის მსხვერპლების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ მათ ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას. ადამიანებს, ვინც დიდ დანაზოგს ააშკარავებს, მსხვილი ინვესტიციებისკენ უბიძგებენ. თაღლითები მარტოხელა ადამიანებს დაუმეგობრდნენ. ცოტა ხნის წინ პენსიაზე გასული ჯეინი (რომლის სახელიც ამ სტატიისთვის შეიცვალა) იდეალური სამიზნე იყო. ის ახალი წამოსული იყო სამსახურიდან საკუთარი ნებით და 20 ათასი ფუნტი სტერლინგის დანაზოგი ჰქონდა, რომელიც, მისი აზრით, გონივრული ინვესტიციის შემთხვევაში, უახლოეს წლებში მის პენსიას შეემატებოდა. 2020 წლის ივნისში, პირველი კარანტინის დროს, ინტერნეტში კომპანია EverFX-ის რეკლამა ნახა.
იმ მომენტში EverFX წამყვანი ესპანური საფეხბურთო კლუბის Sevilla-ს ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო. კლუბის ვარსკვლავები სოციალურ ქსელებში სავაჭრო პლატფორმას რეკლამას უწევდნენ და, ჯეინმა გადაამოწმა, რომ ის რეგულირდებოდა დიდი ბრიტანეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.
ჯეინმა EverFX-ს მათი ვებსაიტის საშუალებით მიწერა, რის შემდეგაც გადმოურეკეს და დააკავშირეს პირთან, რომელიც, როგორც მას უთხრეს, უფროსი ტრეიდერი იყო. მან უთხრა, რომ ოდესიდან ურეკავდა და დევიდ ჰანტი ერქვა. ჯეინის თქმით, მისი აქცენტი აღმოსავლეთ ევროპულად ჟღერდა, მაგრამ ვერ შეძლო ზუსტად დადგენა. მას დევიდი მაშინვე მოეწონა.
"მან ნამდვილად იცოდა საკუთარი საქმე, იცოდა, როგორ მუშაობს ყველა ბაზარი", - თქვა მან. "ნამდვილად დავინტერესდი".
მალევე ისინი თითქმის ყოველ დილით საუბრობდნენ და ჯეინი კონკრეტული რაღაცების შესახებ უყვებოდა, რისთვისაც ფული სჭირდებოდა: სახურავის ძვირიანი რემონტი, ბუფერი პენსიისთვის. მისი სიტყვებით, ჰანტმა ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც უთხრა, რომ გარკვეული გარიგებები "უზრუნველყოფდნენ მის სახურავს" და "მომავალში დაეხმარებოდა".
მომდევნო თვეების განმავლობაში ჯეინმა 15 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მაგრამ მისი ვაჭრობები კარგად არ მიდიოდა. ჰანტმა ურჩია გაეტანა თავისი ფული და ჩაედო სხვა სავაჭრო პლატფორმაში, BproFX-ში, სადაც უფრო მაღალ შემოსავალს მიიღებდა.
იმ მომენტისთვის ჯეინი სრულად ენდობოდა დევიდ ჰანტს. "მეგონა, რომ კარგად ვიცნობდი, ვფიქრობდი, რომ გულის სიღრმეში იზიარებდა ჩემს ინტერესებს", - თქვა მან. "ამიტომაც დავთანხმდი".
რაც არ იცოდა, იყო ის, რომ BproFX იყო არარეგულირებადი ოფშორული ორგანიზაცია, რომელიც დომინიკში იყო ბაზირებული. სინამდვილეში, გაერთიანებული სამეფოში რეგულირებულის სტატუსმა EverFX-ს ხელი არ შეუშალა ბრიტანეთის მოქალაქეების მოტყუებაში, მაგრამ BproFX-ში გადასვლა წაართმევდა ჯეინს იმ მცირე დაცვასაც, რომლის მიღებაც დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით შეეძლო. BBC-მ იპოვა რამდენიმე მსხვერპლი, რომლებიც ამ გზით არარეგულირებად კომპანიებში გადაიყვანეს.
2020 წლის სექტემბერში ჯეინი დათანხმდა BProFX-ში 20 ათასი ფუნტი სტერლინგი ჩაედო და ჰანტი მას მომდევნო რამდენიმე თვე სხვადასხვა გადაცვლის მითითებას აძლევდა. მაგრამ რატომღაც ის აგრძელებდა ფულის დაკარგვას.
სხვა მსხვერპლებმაც BBC-თან თქვეს, რომ ისინი ამ გზით მოატყუეს. ლონდონში მცხოვრებმა ბარი ბერნეტმა თქვა, რომ ინვესტიციის გაკეთება დაიწყო მას შემდეგ, რაც EverFX-ის რეკლამა დაინახა, მაგრამ რამდენიმე ადრეული სარგებლის შემდეგ, მოულოდნელად 24 საათში 10 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი დაკარგა. მრჩეველმა დაარწმუნა კიდევ 25 ათასი ფუნტი სტერლინგი დაებანდებინა, რათა დანაკარგი ამოეღო.
"ალბათ ორი საათის განმავლობაში ათეული ზარი მივიღე", - თქვა ბარიმ. "ადამიანები მეხვეწებოდნენ უფრო მეტი ფული ჩამედო".
ჯეინი იმავე სახის ზეწოლას წააწყდა დავიდ ჰანტის მხრიდან. "ის აგრძელებდა იმის თქმას, რომ რაც უფრო მეტს ჩავდებდი, მით უფრო მეტს ავინაზღაურებდი", - თქვა მან.
ამის ნაცვლად, ორივემ საბოლოოდ გადაწყვიტა, შეეწყვიტათ. ბარიმ 12 ათასი ფუნტი სტერლინგი დაკარგა, ჯეინმა - 27 ათასი ფუნტი სტერლინგი.
"შეძრწუნებული ვიყავი", თქვა ბარიმ. ორივემ ათობით ზარი განახორციელა, მაგრამ უშედეგოდ. დევიდ ჰანტმა შეწყვიტა ჯეინის ზარებზე პასუხის გაცემა. მან იცოდა, რომ ყველაფერი დაკარგა.
"დღე, როდესაც გავაცნობიერე ყველაფერი, ჩემი დაბადების დღე იყო", თქვა მან. "პანდემია იყო და ჩემმა ოჯახმა პატარა შეკრება მოაწყო ღია ცის ქვეშ და ტორტი მომიტანა. ვცდილობდი, ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი თავს. ვგრძნობდი, რომ აღარ მინდოდა ამ პლანეტაზე ყოფნა".
მას თვეები დასჭირდა გამბედაობის მოსაკრებად, რომ ვინმესთვის ეთქვა, რაც გააკეთა.
Milton group-ის ოპერაციები ადრე გამოიძიეს შვედურმა გაზეთებმა, Dagens Nyheter-მა და სხვებმა, მაგრამ BBC-მ დაიწყო გლობალური თაღლითობის უკან მდგარი მთავარი ფიგურების იდენტიფიკაცია.
ჩვენ დავიწყეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლით Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირების გასარკვევად. ისევ და ისევ მეორდებოდა ხუთი სახელი, რომლებიც Milton-ის სავაჭრო პლატფორმების ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების დირექტორებად ფიგურირებდნენ - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.
ჩვენ ხუთივე სახელს ვეძებდით Panama Papers-ში, 2016 წლის მასობრივი გაჟონვა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ოფშორული კომპანიები, და აღმოვაჩინეთ, რომ ოთხი მათგანი - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი - იყვნენ მოხსენიებულნი, როგორც Milton group-მდე არსებული ოფშორული და სასუბსიდიო კომპანიების დირექტორებად ან მაღალი რანგის ფიგურებად.
ამ არა-მილტონის კომპანიებიდან ბევრის კვალი ერთ ფიგურამდე მიდიოდა: დავით კეზერაშვილამდე, საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 2 წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო.
კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მოგვიანებით დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფო სახსრების, 5 მილიონ ევროზე მეტის, გაფლანგვისთვის. ამ პერიოდში ის ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა უარყო საქართველოს მოთხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ.
არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც აკავშირებს კეზერაშვილს Milton-ამდელ ქსელთან, მაგრამ როდესაც ჩვენ გადავხედეთ პანამის დოკუმენტებს, მისი სახელი ისევ და ისევ იკვეთებოდა, დოკუმენტები აიდენტიციფირებდა მას, როგორც ან ქსელში არსებული მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან მათ მთავარ მეწილედ. სცენის მიღმა, კეზერაშვილი ამ სქემის ცენტრში აღმოჩნდა.
როდესაც საქმე მილტონის ჯგუფს ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებში.
მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.
კეზერაშვილი სოციალური მედიის პირადი ანგარიშებით ხშირად ახდენს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას. ბიზნეს ქსელის საიტზე LinkedIn-ზე ის თავის ანგარიშს იყენებდა, თითქმის ექსკლუზიურად, სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და Milton-თან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.
BBC-მ შეძლო, ეპოვა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის კომპანიებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ Milton Group-ის კომპანიები იყვნენ. მისი სარისკო კაპიტალის ფირმა, Infinity VC, ფლობდა ბრენდინგს და ვებ-დომენებს კომპანიებისთვის, რომლებიც თაღლითებისთვის სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას უზრუნველყოფდნენ.
კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო ცენტრი, რომელიც ყიდის EverFX-ს, ასევე ტექნიკური ფირმები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას - ოფისები, რომლებშიც პოლიციამ ნოემბერში რეიდები მოაწყო. ის ასევე ფლობს თბილისის საოფისე ბლოკს, რომელშიც განთავსებული იყო იგივე, ზოგიერთი ტექნიკური ფირმები.
როდესაც BBC-მ შეისწავლა Milton Group-ის ოთხი უფროსის სოციალური მედიის პროფილები, საქორწილო წვეულებებიდან და სხვა სოციალური ღონისძიებებიდან გამოქვეყნებული სურათებიდან ირკვევა, რომ მათ ყველას მჭიდრო სოციალური კავშირები ჰქონდათ კეზერაშვილთან. კეზერაშვილი ფეისბუქზე მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან Milton-ის ჯგუფურ თაღლითებთან, BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.
BBC-ი შეეცადა ენახა კეზერაშვილი ლონდონში, მის 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლეში და გასაუბრებოდა მას, მაგრამ გვითხრეს, რომ ის არ იყო ხელმისაწვდომი. მან BBC-ს თავისი ადვოკატების მეშვეობით განუცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს რაიმე მონაწილეობას Milton Group-თან, ან რომ ფინანსები თაღლითური სქემებიდან დააგროვა. მან თქვა, რომ მისი ინფორმაციით, EverFX იყო ლეგიტიმური ბიზნესი და მისი იურისტები ამტკიცებდნენ, რომ სხვა კავშირები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ ხალხთან და მის უკან მყოფ IT-სთან "არაფერს ადასტურებდნენ".
ბატონმა ჭელიძემ და ბატონმა გოგეშვილმა ასევე კატეგორიულად უარყვეს ჩვენი ბრალდებები და განაცხადეს, რომ EverFX იყო ლეგიტიმური, რეგულირებული პლატფორმა. მათ უარყვეს Milton Group-ის შესახებ ცოდნა ან რაიმე კავშირი EverFX-სა და ჩვენს მიერ გამოვლენილ ბრენდებს შორის, რომლებმაც მათი ვარაუდით, გამოიყენეს EverFX-ის წყაროს კოდი და ბრენდი მომხმარებლების დაბნევის მიზნით. მათ თქვეს, რომ EverFX-ს არასდროს ჰქონია კრიპტო საფულე და არ ჰქონდა კონტროლი იმაზე, თუ როგორ ანაწილებდნენ მისი მესამე მხარის გადახდის პროცესორები სახსრებს.
ბატონმა მგელაძემ ასევე უარყო ჩვენი ბრალდებები და გვითხრა, რომ მას არასოდეს ჰქონია ქოლ ცენტრი, რომელიც თაღლითურად ყიდის ინვესტიციებს და არ იცის Milton Group-ის შესახებ.
ბატონმა ბენიმინმა არ უპასუხა ჩვენს კითხვებს.
EverFX-მა უარყო ჩვენი ბრალდებები და თქვა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და რეგულირებული პლატფორმა, სადაც რისკები სრულად იყო ახსნილი. მათ თქვეს, რომ გამოიძიეს ბარი ბერნეტის საქმე და დაადგინეს, რომ ბერნეტი თავად იყო პასუხისმგებელი მის დანაკარგებზე.
ჯეინის შემთხვევაში, მათ გვითხრეს, რომ მისი დანაკარგები გამოწვეული იყო სხვა [მათთან] დაუკავშირებელ კომპანიაში გადასვლით. მათ თქვეს, რომ სრულად ითანამშრომლეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან (FCA) და დიდი ბრიტანეთისგან მარეგულირებელი საჩივრები არ მიუღიათ.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ EverFX სააგენტო სხვა მსგავს სავაჭრო ბრენდებთან ერთად, 2021 წელს აიკრძალა.
Sevilla FC-მ, საფეხბურთო კლუბმა, BBC-ს განუცხადა, რომ როგორც კი მათი კონტრაქტი EverFX-თან დასრულდა, მათ აღარ ჰქონიათ კონტაქტი კომპანიასთან.
გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში თაღლითობის დანაშაული 4 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. მიიჩნევა, რომ ონლაინ ინვესტიციების სქემები წელიწადში ასობით მილიონი ფუნტის ღირებულებას უტოლდება. თუმცა, ბრიტანულ პოლიციას მსხვერპლები აკრიტიკებენ, რომ პოლიცია თაღლითების წინააღმდეგ საკმარის ზომებს არ იღებს.
ჯეინმა სხვადასხვა გზებს მიმართა, ბრიტანეთშიც და მის ფარგლებს გარეთ, დაკარგული საპენსიო ფონდების საძიებლად, მაგრამ ვერსად მიაგნო. გაერთიანებული სამეფოს ლონდონის პოლიციამ მისგან მიიღო მოხსენება, მაგრამ "არაფერი გამოვიდა", თქვა მან. მისმა ბანკმაც ვერ უშველა, "რამდენიმე წერილის დაწერის გარდა".
"და მართლა რატომ [უნდა გააკეთონ რამე]?"- თქვა მან სევდიანი მხრების აჩეჩვით.
ასე რომ, მან გააკეთა ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლო. მან ათეულობით ვებსაიტზე დაწერა შეფასება იმ სავაჭრო ბრენდების შესახებ, რომლებმაც ის მოატყუეს.
"უბრალოდ მინდოდა, გამეფრთხილებინა სხვები, ვინც შეიძლება მოტყუვდნენ. ამაში დიდი ძალისხმევა ჩავდე. იმედია ვინმე ნახავს."- განაცხადა ჯეინმა.