დავითაშვილი Concentrix-ზე: სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ, რა ხდება

დავითაშვილი Concentrix-ზე: სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ, რა ხდება

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში ჩხრეკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "სამართალდამცავების პრეროგატივაა გაარკვიონ, რა ხდება".

ამასთან, დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ შემოწმების შემდეგ გაირკვევა, რომ კომპანია არალეგალურ საქმიანობას არ ეწევა.

"Concentrix-ი არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს ე.წ. BP2 სექტორში. ეს არის აწარმოვე საქართველოს პროექტის ფარგლებში - ჩვენ გვქონდა შესწავლილი BPO სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ საქართველოში.

თუმცა, ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცველები აწარმოებენ, იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ, რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას...

თუ სხვა კომპანიებშიც იგივე ხდება, მე ინფორმაცია არ გამაჩნია და სამართალდამცველები უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან", - თქვა დავითაშვილმა.

***

თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.

Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდა კომპანიის იურისტი.

Concentrix Georgia კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს საზღვარგარეთ კონსულტაციებს უწევს. ის SYNEX Coorporation-ის შვილობილი კომპანიაა. Concentrix აშშ-ში 500 უმსხვილესი კომპანიის სიაში შედის.