სასამართლო სხდომაზე ჩართვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოცემა The Times სტატიას აქვეყნებს სათაურით, "დაუძლურებული ექსპრეზიდენტი საქართველოს ციხეში" და წერს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, მოლაპარაკებებისთვის ელჩი თბილისში გამოაგზავნოს. გამოცემა აღწერს, რომ ვიდეოჩართვაში სააკაშვილს უჩანდა ნეკნები და "დაუძლურებულად", "სუსტად" გამოიყურებოდა.
"ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილს "რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელში მოკვლის საფრთხე ემუქრება". მან დააანონსა, რომ საქართველოს ელჩს უკან თბილისში გაგზავნის იმ დავალებით, რომ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე მოლაპარაკებები გამართოს. უცნობია, ელჩი ოფიციალურად გაიწვიეს თუ არა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სიკვდილი სურს", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, The Times საუბრობს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც ის კიევის ნაბიჯს "შეურაცხყოფას" უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი "სურვილია" უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ, "თუნდაც ცალმხრივად", რადგან ქვეყანა ომშია.
სტატიაში ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ სანამ გვიანი არ არის, შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.
"მან მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში და ძნელად საცნობია იმ ადამიანთან შედარებით, რომელიც საქართველოში ვარდების რევოლუციას ხელმძღვანელობდა. სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, საერთაშორისო საზოგადოება სწრაფად უნდა გაერთიანდეს, სანამ ძალიან გვიან იქნება", - განაცხადა კეზერაშვილმა.
ავტორი მიუთითებს, რომ მაშინ, როცა საქართველოს საზოგადოება მყარად დგას უკრაინის გვერდით, მთავრობას ქვეყნის მოსკოვის ორბიტისკენ დაბრუნებაში ადანაშაულებენ. აქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, ექიმები სააკაშვილის წონის კლებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის შიმშილობის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა, ქართული ოცნება მის მიმართ არასათანადო მოპყრობას უარყოფს და აცხადებს, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზნით, სააკაშვილი "თვალთმაქცობდა".