უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. მისი თქმით, აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან.
"ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს [პრიგოჟინის აჯანყება] იყო სპექტაკლი, ეს იყო ნამდვილი სამხედრო მოქმედება. ეს იყო სიტუაცია, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინი არ არის ქვეყნის ლიდერი.
თავად პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა... ეს დღეს სავსებით გასაგებია, მისი სურვილი არ იყო, რომ სადმე წასულიყო, მას აშკარად აკონტროლებენ", - ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.